-
-
მოგვწერეთ
წინამდებარე ნაშრომი „არსებულისა და არსის შესახებ“ (De ente et essentia) თომა აქვინელის ადრეული პერიოდის ტექსტია, რომელიც პარიზის უნივერსიტეტში ყოფნისას დაწერა. ამ დროს მას ჯერ არ ჰქონდა თეოლოგიის მაგისტრის ხარისხი მინიჭებული და როგორც Baccalaureus Sententiarius, თავის აკადემიურ მოვალეობებს ასრულებდა, რაც გულისხმობდა პეტრე ლომბარდიელის სენტენციებზე ლექციების წაკითხვასა და ამავე ტექსტზე სისტემური კომენტარების დაწერას. თომა კელნიდან 1252 წელს დაბრუნდა პარიზში, ხოლო მაგისტრის წოდება და თეოლოგიის ფაკულტეტზე სწავლების უფლება (Licentia docendi) 1256 წელს მიიღო. შესაბამისად, ამ ტრაქტატის შექმნის სავარაუდო თარიღია 1252-1256 წლები. ამავე პერიოდის ტექსტებს განეკუთვნება მისი „ბუნების პრინციპების შესახებ“ (De principiis naturae) და „კომენტარი სენტენციების წიგნებზე“ (Scriptum super libros Sententiarium).
ზემოხსენებული ტექსტებიდან ორი ტექსტის სათაური უფრო ვრცელი სახითაც გვაქვს შემორჩენილი: პირველია De ente et essentia ad fratres et socios suos, ხოლო მეორეა D De principiis naturae ad fratrem Sylvestrum. ამ სათაურებიდან ნათლად ჩანს, რომ თომამ ეს ორი ტრაქტატი დომინიკელთა საძმოს კონტექსტში დაწერა. ზოგადად, დომინიკელთა ორდენი გამორჩეული იყო იმით, რომ თეორიულ განათლებასა და განსწავლულობას განსაკუთრებულ ყურადღებას აქცევდა. აქედან გამომდინარე, შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ეს ტექსტები თომამ თხოვნის საპასუხოდ დაწერა და მათ პედაგოგიური ხასიათი ჰქონდათ. ამ ორ მცირე ზომის ტრაქტატს კიდევ რამდენიმე საერთო მახასიათებელი აქვს: 1. ვერცერთში ვერ შევხვდებით ექსპლიციტურ ბიბლიურ ციტატას ან რომელიმე ავტორიტეტული ქრისტიანი თეოლოგის დამოწმებას. ასევე სრულიად დაცლილია ტექსტი ყოველგვარი დოგმატური ლექსიკური ერთეულებისგან: მაგალითად, არ არის ნახსენები ‘სამება’ ღმერთსა და პირველ პრინციპებზე საუბრისას. სამაგიეროდ, არაერთგზის არიან მოხსენიებულნი არისტოტელე, ავიცენა, ავეროესი და სხვა არაქრისტიანი ფილოსოფოსი ავტორიტეტები; 2. არცერთს არ აქვს იმ პერიოდისათვის ყველაზე სახასიათო ლიტერატურული ფორმა: ისინი არც სისტემური კომენტარებია, არც დიალოგები და არც პოლემიკური ჟანრის თხზულებები. ასევე, ვერც საუნივერსიტეტო ჟანრის ტექსტებს ვერ მივაკუთვნებთ მათ (მაგალითად, summa ან quaestio). ორივე ტექსტი არის მცირე ზომის თემატური თხზულება; ამგვარ თხზულებებს ლათინურ სამყაროში opusculum-ად მოიხსენიებდნენ. ასევე, როგორც წესი, ზემოხსენებული ლიტერატურული ფორმები საჯარო ანუ ეგზოთერული ხასიათისა იყო, რაც იმას ნიშნავს, რომ ფართო წრეებისთვის განკუთვნილი და ხელმისაწვდომი იყო. თემატური მცირე ზომის თხზულებები კი, როგორც წესი, ეზოთერული ანუ შედარებით დახურულ წრეში, შიდა მოხმარებისთვის იყო განკუთვნილი; 3. თომა ორივე ტექსტში ცდილობს კომპაქტურად და ცხადად გადმოსცეს ისეთი ბაზისური ფილოსოფიური ცნებების მნიშვნელობა, როგორებიცაა: „არსი“, „არსებული“, „ფორმა“, „მატერია“, „გვარი“, „სახეობა“, „ცვლილება“, „სუბსტანცია“, „აქციდენცია“ და სხვა. პირველ ტრაქტატში De ente et essentia განხილულია ფუნდამენტური მეტაფიზიკური და სემანტიკური საკითხები, ხოლო მეორე ტრაქტატში, De principiis naturae, გადმოცემულია არისტოტელური ფიზიკა, კერძოდ კი მოძრაობის ჰილომორფული ანალიზი. აქედან გამომდინარე, სავარაუდოა, რომ ეს ტექსტები პედაგოგიური ხასიათის იყო და რომ დომინიკური წრისთვის დაიწერა. თუმცა, ამ თხზულებების მხოლოდ პედაგოგიურ ჭრილში განხილვა არასწორია, რადგან თომა აქ არა მხოლოდ დოქსოგრაფად და განმმარტებლად, არამედ მრავალი ორიგინალური ფილოსოფიური დოქტრინის ავტორადაც გვევლინება. ამ ტრაქტატებში ის ცდილობს ფილოსოფიური ტექნიკური ტერმინების მნიშვნელობის დადგენასა და განსაზღვრას, რაც, შესაძლოა, მოსამზადებელი ეტაპი იყო თომასთვის, რომ მოგვიანებით პეტრე ლომბარდიელის სენტენციებზე კომენტარები დაეწერა.